Multimedia.ge გთავაზობთ ბასა ქართველიშვილის კიდევ ერთ წერილს, რომელიც პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს ეძღვნება.
“ოცნება” ჩემი შემოდგომისა
ანუ შედეგების დათვლის დროა
ბიძინა ბატონო, დიდო ხელმწიფევ, კარი გამიღე, მსტოვარი ვარ, სიტყვა მაქვს შენთან
ადრეც მოგწერე, პირველ წერილში, აპრილში ამოვარდნილი ქარბუქის პასუხად, როგორც ოჯახის წევრს გესაუბრე. მეორე წერილში, უკვე კითხვებზე პასუხს ვითხოვდი. მესამე წერილი მესამე გაფრთხილებას ჰგავდა. მეოთხე წერილით უკვდავთა ალაპარაკებას ვეცადე, მაგრამ ესეც უშედეგოდ. შენი არა და არ დაიშალე.
ამასობაში, შემოდგომაც მოვიდა, ვუყურებ ამ ყველაფერს, ვამზადებ დღევანდელ სათქმელს და, მაინც ვერ ვხვდები ეს როგორ მოახერხე: სულ რამოდენიმე თვეში, მთელი ცხოვრების ამაგი როგორ წაშალე? ასეთ სიმაღლეზე ასული, როგორ ჩამოვარდი ასე სწრაფად და ასე დაბლა?
არსებობს ჭეშმარიტების ჟამი, დგება ხოლმე მომენტი, როდესაც ყველაფერი იკრიბება და მხოლოდ ორიდან ერთის არჩევანი რჩება: ან ხარ, ან არ ხარ. შენ ეს მომენტი ამ ზაფხულს გამოიარე. გადაწყვეტილების მისაღებად გქონდა თვეები. არაერთი ეპიზოდი, არაერთი წითელი ხაზი, არაერთი სულის მოსათქმელი, ჩამოსაჯდომი, დასაფიქრებელი. გაზაფხულიდან შემოდგომამდე ყველაფერი შენს განკარგულებაში იყო.
მორჩა. დამთავრდა. ძალიან კი მინდა ასე არ იყოს, მაგრამ შანსს აღარაფრის გვიტოვებ. დიაგნოზი შუბლზე გაწერია. რაღაცნაირად… გაშიშვლდი საოცრად. ანდერსენის ზღაპრის პერსონაჟივით. ამიტომ, ბევრს აღარ ვილაპარაკებ, ყველაფერს მოკლედ გიპატაკებ და წავალ მივხედავ საქმეს. საქმე კი მხოლოდ ერთი მაქვს: რაც შეიძლება მალე ჩამოგხსნა მაგ მორყეული კაუჭიდან, სანამ ყველას ერთად თავზე არ დაგვენარცხე.
ყველას ძალიან დაგვწყვიტე გული
უკლებლივ ყველას, ვისაც კი რამე მოეკითხება. დასანანია, რომ ერთი კაციც არ აღმოჩნდა შენს გვერდით, ვინც აგიხსნიდა, რამდენად ახლოს იყავი ფინიშის ხაზთან. რა კარგ ისტორიას წერდი. რა ფანტასტიურ გზას გადიოდი. რამდენად ცოტა გაკლდა პანთეონამდე.
და როგორ ერთბაშად იცვალე ფერი. ნაკვთებმა, რომლითაც ილიას, ექვთიმეს, ზვიადს, თუ მერაბს ემგვანებოდი, ერთ გაზაფხულში, უკანა პლანზე გადაინაცვლეს და წინ წამოვიდა ის თვისებები, რომლითაც ძალიან გვაგონებ პუტინს.
არა, არ ხარ რუსეთის აგენტი, ვიცი, დამშვიდდი, სხვა რამეს ვამბობ. მსგავსებაზე ვსაუბრობ მხოლოდ. ამ ბოლო თვეების ქცევებში, ისე მოცილდი ერისკაცობას და ისე დაემსგავსე კრემლის გოლუმს, ისეთ გროტესკულ სტილში და ისე სწრაფად განხორციელდა ეს ფერიცვალება, რომ უკვე ვერც კი ვხვდები, გაგიბრაზდე, თუ შეგიბრალო.
ვერ გამოდექი დიდი ქართველი. ჰაბიტუსითაც ემგვანები ნელნელა პუტინს. ვერ ვხვდები, რანაირად… ერთი კი არის, რუსეთში ცხოვრებამ თავის დაღი დაგასვა, მაგრამ მარტო მაგაში ვერ იქნება საქმე, რაღაცა კიდევ უფრო ღრმა უნდა იყოს, რის ძიებასაც ახლა ვერ დავიწყებ. არც დრო მაქვს მაგის, არც საჭიროება. ფაქტია, გაჭრილი ვაშლივით ირეკლავთ ერთანეთს. ისიც შენსავით, მლიქვნელებით გარშემორტყმული, გეგმაზომიერად მიდიოდა დასავლეთთან დაპირისპირებისკენ და დარწმუნებული იყო, რომ 2022 წლის თებერვალში სწორი მომენტი შეარჩია, როცა მთელ თავისუფალ სამყაროს ომი გამოუცხადა. შენც პრაქტიკულად იგივე წყალში შეხვედი 2024 წლის აპრილში. მცირედი განსხვავებები არაფერს ცვლის… ზიხართ ახლა ორივენი ერთნაირად გაკვირვებული, თავზარდაცემული, იბრძვით თქვენ-თქვენი პოზიციების გადარჩენისთვის… კეთილი, მას უფრო შეტოპილი აქვს, ვიდრე შენ. მას ფიზიკური განადგურება ემუქრება, შენ მხოლოდ სულიერი – ვაღიარებ. რამენაირად თუ გამშვიდებს ეს განსხვავება, გამოიყენე.
არაპროგნოზირებადობა გაერთიანებთ კიდევ, ტყუპი ძმებივით. თავისუფალ სამყაროში აფასებენ პროგნოზირებადობას. პარტნიორი უნდა იყოს პროგნოზირებადი, თანამშროლობა შეიძლება იმასთან, ვისგანაც იცი, რას ელოდო. ამიტომაც არის, დასავლეთში რომ აღარავის უნდა შენთან საქმის დაჭერა. არც პუტინთან. არ ქმნით სანდო მოლოდინს. პუტინი იმიტომ აკეთებს ამას, რომ კაგებეს ვირთხაა ჩვეულებრივი, დასავლეთს მტრობდა მთელი ცხოვრება და თავისუფალი სამყაროს მოტყუება ყოფითი ამბავია მისთვის. აი შენ კი, რატომ იქცევი ასე, მაგაზე კიდევ დიდ ხანს მოგიწევს ფიქრი და მუშაობა. თავისუფალ სამყაროში, თავს მტრულ გარემოში რომ გრძნობ, ეგ არის შენი უბედურება!!
სხვა დანარჩენზე ნუ ღელავ. პოლიტიკაში შეიძლება კიდევ დიდ ხანს დარჩე, პოლიტიკაში ფერიცვალება მოსულა. მაგრამ როგორც ერის კაცმა, ფერი კი არ იცვალე, 2024 წელს, შენ უბრალოდ გარდაიცვალე.
შენ ვეღარასდროს გახდები გმირი. თუმცა, არც არასდროს ყოფილხარ
როგორ ეძახის პუტინი თავისუფალ სამყაროს? კოლექტიური დასავლეთი. შენ როგორ ეძახი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს? კოლექტიური ნაცმოძრაობა. ტერმინოლოგიაშიც დამგვანებიხართ. ხოდა რახან ეგეთი ერთეულებით აზროვნებთ და საუბრობთ, შენივე ენაზე გეტყვი: კოლექტიური მუშნი ხარ, ძმობილო.
არ ვხუმრობ, მართლა. მეფისნაცვალიდან, ვიდრე გუდუნამდე, მთელი ეს ჯაჭვი, მუშნის ნახლართი, თავის რაჟა სარჩიმელიებით და ნიკანდრო ქილიებით – სწორედ ამ ჯაჭვის სახება ხარ. პიროვნულად ხარ ასეთი, იდეალური კარიერისტი. ასეთად დაიბადე და ალბათ უკვე ასეთად მოკვდები, რაიმე გრანდიოზული მეტამორფოზებისთვის დრო აღარ გრჩება. ერთადერთი, მონანიება შეიძლება მოასწრო, მაგრამ მაქამდეც ერთი 10 წელი მაინც გაივლის.
კოლექტიური მუშნი ხარ, ბიძინა, არაჩვეულებრივად წარმატებული კარიერა გაქვს, და ყველაზე მეტად მართლაც მხოლოდ ეგ გაინტერესებს: სად გადის შენი შესაძლებლობების ზღვარი. ყველაფერს შენი თვითრეალიზაციის პრიზმიდან უყურებ. სამშობლო, კაცობრიობა, კაცობა, სიყვარული – ყველაფერი თვითრეალიზაციის სამსახურში გაქვს. მაღალი იდეალები შენი მოწოდება არ არის. კი, რა თქმა უნდა, გაქვს შენი შეხედულებები, მაგრამ ისინი მხოლოდ შენს გეგმებს ემსახურებიან.
მუშნიც, შენსავით, ვითომ რაღაც ზნეობრივი მოტივებით ხელმძღვანელობდა რუსეთის იმპერატორის სამსახურში. თითქოს სინანულით ამბობდა, რომ გმირებს აფასებენ, მათ შემქმნელებს კი არაო, თითქოს განზრახ ქმნიდა დათასგან გმირს. თითქოს თვითონ იყო ყოველი სიკეთის თავი და თავი… მაგ სიტყვებიდან რამდენიმე წუთში კი ღიზიანდებოდა, თუთაშხია უკვე ფეხებში მებლანდებაო.
დასანანია, რომ ვერ შეძელი ერისკაცობა. რომ ცხოვრებაში არანაირი მისია არ გაქვს გარდა საკუთარი თავის რეალიზების, რომ ვერც უძლებ და არც ცდილობ სწორებას დიდ წინაპრებზე. დასანანია ძალიან. მაგრამ, კიდევ უფრო დასანანი იცი რა არის? რომ ასეთიც გამოდგებოდი და რომ მაინც ვერ გამოდექი!! ასეთი კარიერისტიც, საკუთარ თავზე ჩაციკლულიც ივარგებდი, იმდენად ბევრი რამ დალაგდა შენ სასარგებლოდ. არანაირი გმირის თავდადება არ გჭირდებოდა, არც სამშობლოს უპირობო სიყვარული, რაც გაქვს უნარები მაგითაც გაძვრებოდი, არ უშლიდა ქვეყნის ინტერესები შენს ინტერესებს! ნუ, ცოტა გული გეტკინებოდა იმით, რომ თავისუფალ ქვეყანაში, დიდი ხნის მმართველობის შემდეგ, ყელში ამოუვიდოდი საზოგადოებას და განახლების მოთხოვნილება გაიძულებდა წასულიყავი. დე გოლმა გაიარა, მაგალითად, ეგ გზა, მაგრამ დარჩა საფრანგეთის ისტორიაში ერთერთ უდიდეს ფიგურად… შენც მაგ გზით მიდიოდი, მოკლევადიანი უსიამოვნება გელოდა მხოლოდ. მაგრამ იმდენად სულმოკლე აღმოჩნდი, რომ ყველაფერი წყალში ჩაყარე. ოდნავი დისკომფორტიც ვერ აიტანე, დგახარ ეხლა და გამალებით ექაჩები ქვეყანას უკან.
გასაჩერებელი ხარ სასწრაფოდ. ძალიან მავნებლობ. ძალიან დიდ ზიანს აყენებ საქართველოს.
გეტყვი რაც მოხდება
ამ არჩევნებში დაგამარცხებთ, თუ არა, არჩევნების შემდეგ ქუჩაში გამოსვლა მოგვიწევს, თუ არა – ასეთ კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემ, ეს მხოლოდ ჩვენ ორზე არ არის დამოკიდებული. ფაქტია, რომ ქართველების უმრავლესობას პოლიტიკური განახლება წყურია, შენ კი ამ განახლების მტრად იქეცი. მაგრამ მაგაზე არ ვსაუბრობ ეხლა. გეტყვი, პირადად რა გელის უახლოესი 10 წლის მანძილზე:
თავის მართლება! წლებს გაატარებ თავის მართლებაში. გამალებით იყვირებ, ხან ვისი პირით, ხან ვისი კალმით, რომ ამ ყველაფერს ქვეყნისთვის ჩადიოდი. რომ ეს სწორი იყო. რომ სხვა გზა არ გქონდა. მოიყვან ათასგვარ ტყუილმართალს, გამოიგონებ ნაირნაირ არგუმენტებს. უკანა ეზოდანაც ეცდები ისტორიაში შემოძვრომას – რამე კარგი რომ მოხდება წლების მერე, იტყვი, აი ეგ მე მაშინ ისე რომ ვქენი, ეხლა ეს ასე ამიტომ ხდებაო. გაუთავებელი თავის მართლებით იქნები დაკავებული მინიმუმ 10 წელი. მერე, ერთისმხრივ, ასაკიც მოგაწვება, მეორესმხრივ, გარემოცვის თვალებშიც დაიწყებ სიმართლის ამოკითხვას.
თავის მართლების პარალელურად, ირბენ აქეთ-იქით მოუხელთებელი ჯოსავით, ხან წახვალ პოლიტიკიდან, ხან მობრუნდები, ხან გამოჩნდები, ხან გაქრები, მოულოდნელად, რა საკვირველია. შენ ხომ არაპროგნოზირებადი უნდა იყო, უნდა გააოცო ყველა, იმიტომ რომ გარემო გაქვს მტრული, არავის ნდობა არ შეიძლება! ამ მაიმუნობაში გაატარებ მინიმუმ 10 წელს, შეიძლება მეტსაც, მაგრამ 10 წელი მინიმუმ გჭირდება, რომ დაიცალო ამ ჩირქისგან, რომელშიც ამდენი ხანი იხრჩობი.
მერე, ორიდან ერთი მოხდება: ან სიყვარული გადაგძალავს, ან სირცხვილი. ან მოიკრიფავ ძალებს და მოინანიებ, ანდა გაქრები. ან მოიხდი ბოდიშს, ან დადუმდები.
გილოცავ ყველა იუბილეს ერთად
წელს მონანიების 40 წლისთავია. ცისფერი მთების გადაღებიდანაც მგონი 40 წელი გავიდა. კიდევ, გიორგიევსკის ტრაქტატის 241 წლის იუბილეა. ეს ორმოცები და ორმოცდაერთები ძალიან სიმბოლური უნდა იყოს შენთვის.
მაგრამ, განსაკუთრებით, ერთ თარიღს გამოვყოფ: წელს, თანაც ზუსტად აგვისტო-სექტემბერში, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ 1924 წლის საერთო სახალხო აჯანყებიდან 100 წელი შესრულდა.
100 წელი, ბიძინა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის აღდგენის უკანასკნელი მცდელობიდან, ქაქუცას ბოლო გაბრძოლებიდან. ამბობენ, იმ აგვისტო-სექტემბერს, საჩხერე რამდენიმე დღით თავისუფალი იყოო. გსმენია რამე წინაპრებისგან ამ ამბების შესახებ? ნეტა რა კვალი დატოვა მათ მონაყოლმა შენს ცნობიერებაში? ვინ იცის, რა დასკვნებს აკეთებდი, როცა იმ ბრძოლებზე მოხუცების მოგონებებს ისმენდი…
ასეა, თუ ისე, 100 წლის შემდეგ, შენ განაგებ საქართველოს მთავრობას, შენს ხელთ არის მართვის ყველა ბერკეტი. და ნაცვლად იმისა, რომ გააგრძელო მინიმუმ ის გზა, რომელსაც უკანასკნელი 33 წლის მანძილზე შენი სამშობლო მიუყვებოდა, ჯვარს აცვამ მაგ გზას! ჯვარს აცვამ თავისუფლებისკენ მიმავალ 33 წელს და ისევ რუსულ გავლენებს აღვიძებ.
გახსოვდეს, არავის დაუვალებია შენთვის საქართველოს ისტორიული ორიენტირების განსაზღვრა. არავის დაუყენებიხარ რიგით მმართველზე მაღლა. არავის უთხოვია საგარეო პოლიტიკური კურსის გადახედვა. შენ არ განაგებ არც წინაპრების ნებას, არც შთამომავლების სურვილებს. ამის მანდატი არ გაქვს. გაეშვი.
და ერთიც: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს, სჯობს, საერთოდ ნუღარ ეხები. მესმის, ძალიან გიჭირს და ეხლა ყველაფერს გაბედავ, ოღონდაც ამომრჩეველი გააბრუო (მალე უკრაინასთან საფეხბურთო მატჩებიც მოახლოვდება და ვიცი, მანდაც მომენტს არ გაუშვებ, სიძულვილის ფერხული რომ არ მოაწყო). მაგრამ მაინც, მინდა გირჩიო: არ გინდა. ცისარტყელის ფერები, ეკლესიის თემები, ახალგაზრდობასთან ბრძოლა, მტრის არ ცნობა, მოყვრის გმობა – საკმარისია. ძალიან დაუკრეფავებში გადადიხარ უკვე. სადღაც, ჯობია, გაჩერდე, ისევ პუტინივით გამოგდის, გგონია, რომ გამარჯვებაზე ორიენტირებულ ნაბიჯებს დგამ, და სინამდვილეში პირუკუ შედეგებს იმკი. რა თქმა უნდა, რაც გინდა გიქნია, მაგრამ მთლად გვარის შესაცვლელად ნუ გაიმეტებ შთამომავლებს, ეგეთი გასაწირიც არა ხარ მგონი…
სხვა დანარჩენი თვალსაზრისით, ღმერთმა დაფასება არ მოგაკლოს იმ სიკეთისთვის, რაც გაგიკეთებია. ჩემი მხრიდანაც, ვივიწყებ ყველა წყენას, რაც მოგიყენებია. 17 სექტემბერს გწერ და ამ დღის მდგომარეობით, კარგისთვის – მადლობა, ცუდი – მიპატიებია.
მშვიდობით!
მჯერა, რომ კარგი გინდოდა…
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს